დაბა მესტიაში ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, მესტიის მუნიციპალიტეტში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 334 261,83 ლარია.
პროექტის ფარგლებში თეატრის არსებულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე, დაემატება ერთი სართული სასტუმროსათვის, ჩაუტარდება შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. თეატრი აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, მოეწყობა სავენტილაციო სისტემა, სრულიად განახლდება სცენა.
პროექტი, ასევე, ითვალისწინებს საზაფხულო ამფითეატრის და ღია ავტოსადგომის მოწყობას, შენობის ტერიტორიის კეთილმოწყობას და შემოღობვას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დასრულდება.ადგილზე 50 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.