მუდმივი საცხოვრებლით კიდევ 10 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

13 ივლისი 2016

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრმა სოზარ სუბარმა  და  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  აღმასრულებელმა  დირექტორმა  ჯუანშერ ბურჭულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სოფლად სახლის“ პროექტის  ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 100 000 ევროს ღირებულების  სახლებს შეიძენს. აღნიშნულ სახლებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის  რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით,   დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში არაერთი პროექტი განახორციელა.  სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარდა ბინებს წყალტუბოში (23 ბინა), ქუთაისში (65 ბინა), ფოთსა (112 ბინა) და ზუგდიდში (320 ბინა). ასევე, ,,სოფლად სახლისპროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 61 ოჯახისთვის შეიძინა სახლი დასავლეთ საქართველოში.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივი საცხოვრებლით  დამატებით 10 ოჯახი დაკმაყოფილდება.

საერთო ჯამშიგრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, 591 დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხერხდება.