EBRD-ის მხარდაჭერით ქვეყანაში გრძელდება მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება
2016 წლის 12 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ დაფინანსების ხელშეკრულებებს. დღესვე, ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საპროექტო შეთანხმება გააფორმეს.
პროექტის განსახორციელებლად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 10 მლნ ევრო სესხის ასევე, 2 მლნ ევრო გრანტის სახით. პროექტის მიზანია, მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს მუნიციპალური განივითარების ფონდის მიერ მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენას და 64 მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტი“ ორი ძირითადი მიმართულებით განვითარდება: მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და ტექნიკის შეძენა დ ა ტექნიკური დახმარება მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების სანიტარული დამუშავების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
პროექტი ხელს შეუწყობს:
- რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას;
- ეკოლოგიური, სოციალური, ასევე ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას;
- ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნას;
- აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.