საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სომხეთის დელეგაციას გამოცდილება გაუზიარა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის დელეგაციის წევრებს, კერძოდ კი სომხეთის ტერიტორიული მმართველობისა და განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, ვაჩე ტარტერიანს და ადგილობრივი თვითმმართველობის დეპარტამენტის უფროსს, აშოტ გილოიანს შეხვდა.
აღნიშნული შეხვედრა სომხეთის მთავრობის ინიციატივით შედგა, რომლის მიზანი მუნიციპალური განვითარების ფონდის სომხეთის სოციალური ინვესტიციების ფონდის წევრებისათვის გამოცდილების გაზიარება იყო. შეხვედრის ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დელეგაციის წევრებს მგფ-ის მიზნების, სტრუქტურის, მართვის მექანიზმის, დაფინანსების წყაროების, იურიდიული დეტალების, სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლო ვიზიტის გამართვის იდეა ერევანში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სემინარზე - „სოციალური საინვესტიციო ფონდების განვითარება სომხეთსა და მოლდოვაში“ - ფარგლებში გაჩნდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სომხეთის სოციალური ინვესტიციების ფონდის წევრებს პირველად 2013 წლის მაისში უმასპინძლა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში სომხეთის დელეგაციის წევრები რეგიონული განვითარების სტრატეგიებსა და მიმართულებებს გაეცნენ.