სალხინო- ლეცავე -ბალდას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო, კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება სალხინო - ლეცავე - ბალდას დამაკავშირებელ 6,5 კილომეტრიან გზას, რომელსაც რეაბილიტაცია 35 წელია არ ჩატარებია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნა.
გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მარტვილის მუნიციპალიტეტში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას, ვინაიდან, აღნიშნული გზა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გამარტივდება სამი სოფლის მოსახლეობისთვის საავტომობილო მიმოსვლა. გზის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 1,704,877.70 ლარია. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
სამშენებლო სამუშაოებზე, ჯამში, 70 ადამიანი დასაქმდება და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იქნება. გზის საფარის რეაბილიტაციის გარდა, ობიექტზე ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა.