გამწვანების აქცია თბილისი-რუსთავის გზაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის გზაზე სხვადასხვა სახეობის 2300 ძირ ნერგს რგავს. დღეს გამწვანების აქციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაერთნენ. გამწვანების აქცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მარტის ბოლომდე დასრულდება. თბილისი -რუსთავის გზის გარდა ფონდი გამწვანების აქციას მახათის მთაზეც გეგმავს. აქციის ფარგლებში ჯამში ორივე ლოკაციაზე 5500 ნერგი დაირგვება.
ხეების დარგვაში ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე და მგფ-ის სხვა თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას. გამწვანების აქციის ფარგლებში, სხვა მცენარეებთან ერთად, 560 ძირი წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლისა და პატარა თელადუმას ნერგები დაირგვება. აქციის ფარგლებში ასევე ირგვება კაკლის, ელდარის ფიჭვის, ქართული მუხის, იფნის, კვიპაროსისა და ალვის ხის ნერგები.
შპს „საერთაშორისო კორპორაცია სინოჰიდრო“ ნერგების დარგვის საკომპენსაციო სამუშაოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ფონდის დავალებით ასრულებს. ამასთანავე, კომპანია იღებს ვალდებულებას რომ ერთი წლის განმავლობაში მოუაროს და გაახაროს დარგული მცენარეები. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლისა და პატარა თელადუმას ნერგებს კი კომპანია 5 წლის განმავლობაში გაუწევს მოვლა- პატრონობას.
აღსანიშნავია, რომ თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტით, სამივე მონაკვეთზე გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება და სარეკრეაციო ზონების მოწყობა. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 96 685 218.40 ლარია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.