ნინოწმინდაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. ობიექტზე მიმდინარეობს მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, ასევე წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობა. ამავდროულად, კეთდება ავტოსადგომი და ტურისტული ცენტრი. ასევე, მოხდება მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ღვინის სარდაფის მოპირკეთება რიყის ქვებითა და ქართული აგურით.
სამუშაოების საერთო ღირებულება -670 610,89 ლარია, პროექტის ფარგლებში 25-მდე ადამიანია დასაქმებული. მათ შორის რამდენიმე ადგილობრივი მოსახლეა.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, წვლილი შეიტანოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოს მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კულტურული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას. სწორედ აქედან გამომდინარე,, საქართველოს სხვადახვა რეგიონში ერთდროულად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.