სოფელ ტყვიავში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო კლინიკა შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამყოფი ხაზის სოფელში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრს აშენებს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.
სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1,629,996.89 ლარია. მშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება. გადაუდებელი დახმარების სამედიცინო კლინიკა, ერთდროულად, 15 პაციენტის მიღებას შეძლებს. გამყოფი ხაზის სოფელში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ამჟამად ათობით სოფლის მოსახლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის ცენტრში უხდება წასვლა, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ეს პრობლემა სრულად მოუგვარდება.
ობიექტზე უკვე დასრულებულია რკინაბეტონის სამუშაოები და ამოყვანილია კედლები. მიმდინარეობს შენობის გადახურვა. პროექტი ითვალისწინებს სრულიად ახალი შენობის აშენებასა და გარემონტებას. გაკეთდება გათბობა, ვენტილაცია, საქვაბე, სამრეცხაო, წყლის გამწმენდი და ა. შ. მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაუდებელი დახმარების კლინიკა აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც სამედიცინო დაწესებულებისთვის არის საჭირო.