ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

29 დეკემბერი 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.  სამუშაოების დაწყება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნეს.  პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი  ღირებულება 7 მლნ 200 ათასი ლარია.

 

ნიკეას ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზირებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივ საცობებს ქმნიდა. შესაბამისად, არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. ქუჩის სრული რეაბილიტაციის და განახლების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქალაქში ავტოსატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა, რაც, არსებულ საცობებს მნიშვნელოვნად განტვირთავს. შესაბამისად, როგორც ადგილობრივი, ისე სტუმრად  ჩასული ადამიანებისთვის მოძრაობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

 

აღსანიშნავია, რომ ნიკეას ქუჩა ქუთაისში ყველაზე დიდი ქუჩაა. ამჟამად, ქუჩის ნახევრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სიგრძეც 2 კმ და 200 მეტრია. გზის მეორე ნახევრის რეაბილიტაციას კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

 

ნიკეას ქუჩა სამზოლიანია, თითოეული მიმართულების სიგანე 11მ-ია.   რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი,  სავალ ნაწილებს შორის კეთდება შემზღუდავი გამყოფი ზოლი ასაკრები რკ/ბეტონის პარაპეტებით,  გამყოფი ზოლში დაირგვება მარადმწვანე ბუჩქები. ქუჩის ორივე მხარეს მოეწყობა ახალი ტროტუარები .

 

ამავდროულად, იცვლება გარე განათება და გაკეთდება ახალი სანიაღვრე სისტემა .