გელათის მონასტერთან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო. პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სამუშაოების ღირებულება 2,5 მლნ ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. კერძოდ, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, კაფეტერია, საპირფარეშო, სუვენირების მაღაზია და გაკეთდება ავტოსადგომი. ამავდროულად, მოეწყობა ტაძრამდე მისასვლელი, 600-მეტრიანი, გზა. გაიმართება წყლისა და კანალიზაციის ქსელი. სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია გელათის მონასტრის გუმბათისა და კედლების რესტავრაცია/კონსერვაცია. ამ დროისთვის დასრულებულია გუმბათის რესტავრაცია. რაც შეეხება კედლების რესტავრაციას, აღნიშნული სამუშაოები გაზაფხულზე განახლდება, ვინაიდან, ზამთრის პერიოდში მისი გაკეთება რეკომენდირებული არ არის.
პროექტის განხორციელების შედეგად, გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც, ჯამში, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, რეგიონში ჩასული ტურისტები შეძლებენ, ისარგებლონ გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურით.