გეგუთის სასახლესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, კერძოდ, გეგუთის სასახლესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს. გეგუთის სასახლემდე მისასვლელი გზა ამორტიზირებული იყო და მასზე გადაადგილება მოსახლეობის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოხდება საფუძვლისა და ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. სამშენებლო სამუშაოებზე 15 ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. გზის სიგრძე 500 მ-ია. აღსანიშნავია, რომ გეგუთის სასახლემდე მისასვლელ გზაზე აქამდე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 134 ათასი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს შპს „წყალტუბო გზა სერვისი“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება . გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.