სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს, „ქვევრის სახლი“-ს მშენებლობა მიმდინარეობს

1 დეკემბერი 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში ქვევრის  სკოლა-სახელოსნოს მშენებლობას ახორციელებს. დღეს სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა. ქვევრის სკოლა-სახელოსნო იყალთოს მონასტერთან ახლოს შენდება  და მისი ღირებულება 2 290366,37 ლარია. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის განხორციელების მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.

 

პროექტის ფარგლებში აშენდება სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო, კერძოდ, ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. ამას გარდა, ობიექტს ექნება მუზეუმი, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება. „ქვევრის სახლშიასევე  იქნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე. ამასთან, ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელიამას გარდა, მოეწყობა წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების,  ვენტილაციის და გაზმომარაგების სისტემები.  გარდა ამისა, მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობაამ დროისთვის დასრულებულია პირველი სართულის კედლების ამოყვანა და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები.

 

პროექტის ძირითადი ბენეფიციარები  კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები იქნებიან, სადაც ისინი გაუმჯობესებულ პირობებში  გაეცნობიან ქართულ ძირძველ ტრადიციებს და  გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების წესი და შენარჩუნებულ იქნეს უძველესი ტრადიციები. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია კიდევ ერთი განსაკუთრებული გარემოების გამო ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე აქვს მინიჭებული, რაც პროექტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.  მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც რეგიონს დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.  გარდა ამისა, 2016 წლის სექტემბრამდე მშენებლობის პროცესში 70 ადამიანი იქნება დასაქმებული.