ასპინძაში 400 აღსაზრდელისთვის 2 ბაღი რეაბილიტირდება

19 ოქტომბერი 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასპინძის მუნიციპალიტეტში #2 ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა, #1 ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია  კი ამჟამად მიმდინარეობს.  #2 ბაგა -ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება  - 4 97092 ლარია, #1 ბაგა- ბაღის რეაბილიტაციის ღირებულება კი 403009 ლარი. ჯამში ორივე ბაღის რეაბილიტაციაზე 900101.60 ლარი დაიხარჯება. ბაღების რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. რეაბილიტირებული #2 ბაგა- ბაღი და #1 ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ  დაათვალიერა.  

 

დაბა ასპინძაში მცხოვრები პატარები, რომლებიც აქამდე ამორტიზირებულ და ინფრასტრუქტურულად გაუმართავ საბავშვო ბაღებში დადიოდნენ,  საერთაშორისო სტანდარტებით რეაბილიტირებულ სუფთა ბაგა-ბაღებში შეძლებენ სიარულს.  პროექტის  განხორციელების შედეგად ორივე ბაგა-ბაღი, ნაცვლად 250 ბავშვისა, 400 აღსაზრდელის  მომსახურეობას შეძლებს.  #2 ბაგა-ბაღი რეაბილიტაციის დაწყებამდე 125 ბავშვზე იყო გათვლილი, რეაბილიტაციის დასრულების შედეგად კი, 200 ბავშვის ერთდროულად მომსახურეობა გახდა შესაძლებელი. სამშენებლო სამუშაოებზე 20 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.

 

#2 ბაგა- ბაღის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ფონდის დაკვეთით, ამჟამად #1 ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ფონდმა სამუშაოები ორ ეტაპად გაყო, რათა რეაბილიტაციის პროცესში ასპინძის მუნიციპალიტეტის აღსაზრდელები ბაღის გარეშე არ დარჩენილიყვნენ და სასწავლო პროცესი არ შეფერხებულიყო.

 

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა არსებული ამორტიზებული კედლებისა და ტიხრების დემონტაჟი და მოხდა ახალი კედლების ბლოკითა და თაბაშირ-მუყაოს მასალით აშენება. ამას გარდა, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა კარ-ფანჯრების გამოცვლა, მოეწყო ახალი იატაკი, გაკეთდა საპირფარეშო, სამზარეულო და სასადილო ოთახი, დამონტაჟდა გათბობის სისტემა და ვენტილაცია, ასევე  გამოიცვალა კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის  სისტემები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა,  ბავშვებისთვის მოხდა ეზოს კეთილმოწყობა და შენობა გარედანაც მოპირკეთდა.  

 

2015 წლის ბოლომდე ასპინძაში #1 ბაგა ბაღის რეაბილიტაციაც დასრულდება და ჯამში დაბა ასპინძის აღსაზრდელები 2 საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბაღში ივლიან.