მუნიციპალური განვითარების ფონდმა ციხისძირში ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა
სოფელ ციხისძირის 180 აღსაზრდელი ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში შეძლებს სიარულს. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 548 300,06 ლარია. რეაბილიტირებული ბაღი დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანთან ერთად დაათვალიერა. მნიშვნელოვანია, რომ ბაგა-ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სრულად ადაპტირებულია.
რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ახალი იატაკი, გაკეთდა საპირფარეშო, სამზარეულო და სასადილო ოთახი, მოხდა კედლების შეღებვა და გალესვა, დამონტაჟდა გათბობის სისტემა და ვენტილაცია. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, ბავშვებისთვის მოხდა ეზოს კეთილმოწყობაც. ციხისძირის რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში 150-დან 180-მდე აღსაზრდელი შეძლებს სიარულს. სამშენებლო სამუშაოებზე 40-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
ადგილობრივი ხელისუფლება მიმდინარე თვის ბოლომდე რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღს საჭირო ინვენტარით აღჭურვავს და ოქტომბრიდან საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას დაიწყებს.