წაღვერსა და ლიკანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წაღვერსა და ლიკანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა მოინახულეს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, წაღვერსა და ლიკანს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ წყალმომარაგება და სასმელი წყლის ხარისხი. ახალი სისტემით მიმდებარე სოფლების ტიმოთესუბნისა და სოფელ დაბის მოსახლეობაც ისარგებლებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და მასზე 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში 120 ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.
პროექტი წაღვერსა და ლიკანში ძველი რეზერვუარის რეაბილიტაციას, საქლორატოროს მოწყობას, ახალი ღია რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. წაღვერი-ლიკანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2016 წლის გაზაფხულზე იგეგმება.