ბოდბე - ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზა გაიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბე -ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2 831 384,37 ლარია. რეაბილიტირებული გზა, რომელიც 6 სოფელს აკავშირებს დაბა წნორთან დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.
არსებული გზა მთლიანად ამორტიზებული იყო და მას რეაბილიტაცია 30 წელია არ ჩასტარებია. რეაბილიტირებული გზა, გარდა იმისა, რომ 6 სოფელს აკავშირებს დაბა წნორთან და სიღნაღთან, ასევე, ეს არის უმოკლესი გზა დედაქალაქთან დასაკავშირებლად.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად, 6 სოფლის მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. გზის აღდგენის შედეგად მარტივად მოხდება გადაადგილება დაბა წნორამდე, რომელიც რეგიონის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. ასევე, გაადვილდება ქალაქ სიღნაღთან დაკავშირება, რომელიც რეგიონის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია.
რეაბილიტაციის დაწყებამდე გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გრძელვადიანი დადებითი სოციალური ზეგავლენა აქვს, კერძოდ, საცხოვრებელი და სატრანსპორტო პირობების გაუმჯობესების კუთხით, ვინაიდან, ახალი გზა შეამცირებს არსებულ ნეგატიურ ზეგავლენას მოსახლეობაზე , როგორიცაა მტვერი, ვიბრაცია, გამონაბოლქვი და ხმაური. გზის რეაბილიტაციის შედეგად მგზავრობის დრო დაბა წნორამდე 35 წთ-დან 20 წთ-მდე შემცირდა.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა: არსებული ასფალტო-ბეტონის საფარის ფრაგმენტების მოხსნა; გზის გვერდულების გაწმენდა არსებული გრუნტისგან; ეზოებში შესასვლელებთან არსებული დაზიანებული მილების დემონტაჟი; მიწის ვაკისის მოწყობა; ხელოვნური ნაგებობების მოწყობა; ბეტონის კიუვეტების და ლითონის მილების მოწყობა; გზის საფარის მოწყობა. სამუშაოებზე 80 -მდე ადამიანი იყო დასაქმებული.