უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

18 აგვისტო 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების  ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ჯუანშერ ბურჭულაძე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში - აჰმედ აივეიდა გაეცნენ.


რეგიონული განვითარების პროექტის  მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან ადგილობრივი  მოსახლეობა, რომელთაც ტურიზმის განვითარების შედეგად გაუუმჯობესდებათ სოციალური მდგომარეობა,  და რეგიონში ჩასული ტურისტები, რომელთაც შესაძლებლობა  ექნებათ, გაუმჯობესებულ პირობებში  გაეცნონ  იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისარგებლონ  ძეგლების მიმდებარედ  გამართული ინფრასტრუქტურით.


მიმდინარე პროექტით გათვალისწინებულია: საინფორმაციო ცენტრის, საპირფარეშოების, ავტოსადგომის და მისასვლელი გზის მშენებლობა.  ამ დროისთვის, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ადგილზე დასაქმებულია 20-მდე ადამიანი.  პროექტის  ღირებულება 1 300 000 (1 320,159) ლარზე მეტია. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბერში. უბის მონასტრს ასევე ესაჭიროება რესტავრაცია, რაც ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტით. ამჟამად,  საკონსერვაციო-სარესტავრატაციო სამუშაოების    პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.