მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთში ინფრასრუქტურული პროექტები განხორციელდება
მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო მელითაურმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის „რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის“ განხორციელების მიზნით. პროექტს 2015-2019 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დღესვე საპროექტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო მელითაურმა. სასესხო დოკუმენტზე ხელმოწერას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი დაესწრო.
აღნიშნული პროექტისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რასაც საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 15 მილიონი აშშ დოლარი დაემატება. აღნიშნული სესხით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, მცხეთა -მთიანეთისა და სამცხე -ჯავახეთში, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
პროექტი მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე -ჯავახეთის რეგიონების მასშტაბით, ურბანული, კომუნალური, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამასთან კერძო სექტორის ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას,ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას. რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ათვისება გაზრდის ადგილზე დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.
ასევე დაგეგმილია ტურისტული მარშრუტების განვითარება, რომელიც ურბანული ლანდშაფტის და საზოგადოებრივი ავტოსადგომების განვითარებას, საინფორმაციო ჯიხურების, კაფეების და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობას ითვალისწინებს.
მნიშნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ორი მსგავსი პროექტი იმერეთისა (30 მილიონი აშშ დოლარი) და კახეთის რეგიონებში (60 მილიონი აშშ დოლარი).