წნორის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი , ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, დაბა წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა და სამუშაოების ხარისხი შეამოწმა. პროექტის ღირებულება - 8 318605,92 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 35 ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. დაბა წნორის მოსახლეობის 50%-ს წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს წყალი გრაფიკით აქვს. პროექტის დასრულების შედეგად წნორის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კოორდინირებით ხორციელდება.
წნორის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის მიზანია, ახალი ცენტრალური წყალსადენი სისტემის საშუალებით, წნორის მოსახლეობის 6400 მაცხოვრებლის 24 საათის განმავლობაში მაღალი ხარისხის წყლით უზრუნველყოფა მოხდეს. წლების მანძილზე, ქალაქში წყალმომარაგება ცალკეული უბნების მიხედვით, საუბნო ჭაბურღილებიდან ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მოხდება 1250 კუბიანი რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია, სადაწნეო მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრული რეაბილიტაცია და ქალაქის ქსელის I-II-III ზონის მოწყობა. სამუშაოები 2016 წელს დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.