აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „მწვანე სახლი“ გაიხსნა
2 აპრილი 2015
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან - ილია დარჩიაშვილთან ერთად დღეს თბილისში „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „მწვანე სახლი“ გახსნა. მწვანე სახლი არის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სწორედ აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ეხმარება მკურნალობაში. „მწვანე სახლის“ სარემონტო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 65, 143.00 ლარია.
აღნიშნული შენობის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან „მწვანე სახლი“ მცირეწლოვან ბავშვებსა და მათ მშობლებს ფსიქიკური დარღვევების პრევენციასა და მკურნალობაში ეხმარება. სარეაბილიტაციო ცენტრი, გარდა აუტიზმის მქონე ბავშვებისა, დახმარებას ადაპტაციის პრობლემების, განვითარების შეფერხებისა და ემოციური დარღვევებისა მქონე ბავშვებს უწევს. „მწვანე სახლი“ ფრანგული მოდელით არის შექმნილი და დაარსების დღიდან მას მხარს საქართველოში საფრანგეთის საელჩო უჭერს. ცენტრის ინფორმაციით ყოველწლიურად ისინი დაახლოებით 300 ბავშვსა და მათ მშობლებს ეხმარებიან პრევენციასა და მკურნალობაში.
ცნობილია, რომ მსოფლიოში ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება აუტიზმის სინდრომი. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, თუმცა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია. სწორედ ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ თბილისში, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, კიდევ ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც აუტიზმის მქონე ბავშვებს გაუწევენ დახმარებას.
2014 წლის თებერვალში „მწვანე სახლის“ მუშაობა დროებით შეჩერდა, ვინაიდან, შენობა, რომელშიც სარეაბილიტაციო ცენტრი იყო განთავსებული, ამორტიზირებული იყო და დემონტაჟს დაექვემდებარა. რის გამოც, ბავშვებს ფსიქოლოგიური და პრევენციული დახმარების მიღება შეუწყდათ. სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორისა და ქალაქ თბილისის მერიის მიმართვის საფუძველზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ცენტრის რეკონსტრუქცია დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად „მწვანე სახლმა“ მუშაობა უკვე განაახლა.
პროექტის ფარგლებში მოხდა ამორტიზირებული შენობის დემონტაჟი და შენობის რემონტი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განხორციელდა, რათა მსგავსი ტიპის საჭიროების მქონე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, დახმარება შესაბამის გარემოში მიიღონ
„მწვანე სახლს“ დაარსების დღიდან 1000-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვისთვის აქვს დახმარება გაწეული. ცენტრში ძირითადად 5 წლამდე ბავშვები დაჰყავთ. სარეაბილიტაციო ცენტრში სპეციალისტები ბავშვებთან, როგორც ჯგუფური პრინციპით, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობენ.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი საქართველოშიც აღინიშნება. აუტიზმის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა , რათა უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და რეალიზაცია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი უერთდება აღნიშნულ მიზანს და მაქსიმალურად შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს არსებული პრობლემის მოგვარებასა და ცნობიერების ამაღლებაში.