ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ 320 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით 10 საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. პროექტის განხორციელების შედეგად იძულებით გადაადგილებულმა, 320-მა ოჯახმა ახალი საცხოვრებელი სახლი მიიღო. პროექტის ღირებულება 14, 463, 231.73 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 200 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტის მენეჯერმა კრისტოფ იზენმანმა და გერმანიის საელჩოს ეკონომიკურმა ატაშემ - კატარინა ბერკორნმა სოფელ ცაისში ის ადგილი მოინახულეს, სადაც დევნილები ახალ საცხოვრებელ სახლებში გადასვლამდე უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. შემდეგ კი ახალაშენებულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.
კორპუსების აშენების შედეგად, ზუგდიდში, 8 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, რომლებიც შენობის მძიმე მდგომარეობის გამო, საფრთხეს უქმნიდა იქ მცხოვრები 104 დევნილი ოჯახის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
პროექტის მიზანი, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა, რაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხერხდა და 320 ოჯახი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალ ბინებში ცხოვრობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ხუთ კორპუსში აშენდა : 40 ერთოთახიანი (32მ2), 120 ოროთახიანი (44მ2) ბინა და მეორე 5 კორპუსში კი: 120 სამოთახიანი (60მ2) და 40 ოროთახიანი (44მ2) ბინა. ყველა კორპუსის პირველ სართულზე თითო ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არის განკუთვნილი.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და საინჟინრო კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება) მშენებლობა. საცხოვრებელი უბანი ასევე უზრუნველყოფილია გამწვანებული ბაღებით, საბავშვო და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნებით. მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟებულია განათების სისტემა. ასევე ყველა სახლს აქვს ღია ავტოსადგომი, დაიგო ასფალტობეტონის საფარი.
კორპუსების მშენებლობის პარალელურად, სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ტერიტორიაზე გაიბურღა ჭაბურღილები. ამ სამუშაოების შედეგად, 10 კორპუსის მოსახლეობას ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და არ იქნება დამოკიდებული ქალაქის ქსელზე. პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდა კარმის ტიპის გამათბობელი და გაზქურა. შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ითვალისწინებს და აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს, რათა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ღირსეულ პირობებში იცხოვრონ.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავდაპირველად 8 კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი, თუმცა სწორი დაგეგმარებისა და გონივრული ეკონომიის შედეგად საბოლოოდ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ათი ოთხსართულიანი კორპუსის მშენებლობა გახდა შესაძლებელი. სამშენებლო სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდა.
მშენებლობაზე დასაქმებული იყო 200-ზე მეტი ადამიანი. მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა, 50 ადამიანი კი- იძულებით გადაადგილებული პირი.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ, ტენდერში გამარჯვებულ შპს „დაგს“, აქვს ვალდებულება, რომ მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლის ვადაში საცხოვრებელ კომპლექსს საგარანტიო მომსახურეობა გაუწიოს.
2011-2015 წლებში გერმანიის მთავრობის დახმარებით „იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების საგანგებო რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ ჯამში პროექტის ფარგლებში განხორციელდა საცხოვრებელი ფართების რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა: წყალტუბოში (23 ბინა), ქუთაისში (66 ბინა), ფოთში (112 ბინა) და ზუგდიდში (320 ბინა). სულ აშენდა და რეაბილიტრებული იქნა 521 ბინა. პროექტის ფარგლებში დამატებით ხორციელდება ლტოლვილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრირების მხარდამჭერი კომპონენტი. პროექტი დაფინანსდა გერმანიის რეკონსტრუქციისა და საერთაშორისო განვითარების ბანკის გრანტით (10 მილიონი ევრო) და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით.