ქალაქ გურჯაანსა და სოფელ მირზაანში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ გურჯაანსა და სოფელ მირზაანში ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში- ბესიკის, ბარათაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ამავდროულად სოფელ მირზაანში სრულდება შიდა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.პროექტის ღირებულება 1 493 156,73 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტის მიმდინარეობა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გემგებელ გია გერგიძესთან ერთად დაათვალიერა.
რეაბილიტაციის დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტო/ბეტონის საფარი პრაქტიკულად აღარ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის ფარგლებში ჯამში 3,1 კმ გზის მოასფალტება მოხდება და მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
ქალაქ გურჯაანში არსებული ბესიკის ქუჩის სიგრძე 855 მ-ია, სადაც ასფალტობეტონის საფარი უკვე დაიგო, ასევე მოხდა 2212 გრძივი კანალიზაციის ქსელის გამოცვლა, გარდა ამისა მოეწყობა 1641 მ² ტროტუარი. ბარათაშვილის ქუჩის სიგრძე - 453 მეტრია. ქუჩაზე მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი და 884 მ² ტროტუარი. ჭავჭავაძის ქუჩის სიგრძე - 840 მეტრია, აღნიშნულ ქუჩაზე სრულდება ასფალტობეტონის საფარის დაგება, ასევე გაკეთდება მიერთებები და მოეწყობა 400 მ² ტროტუარი.
გარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა ქუჩებისა, პროექტის ფარგლებში ხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მირზაანის შიდა ქუჩის ასფალტისსაფარიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 912 მეტრია.