გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ქალაქ გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, სამუშაოების საერთო ღირებულება 3 277 824,94 ლარია, წყლის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული. პროექტის განხორციელების შედეგად გურჯაანის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
პროექტი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართვლოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კოორდინირებით მიმდინარეობს. გურჯაანის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გურჯაანში არსებული 14.65 კმ სიგრძის სადაწნეო მილსადენი შეცვალა. არსებული მილები დაზიანებულ და კოროზიულ მდგომარეობაში იყო, რაც წყლის დაახლოებით 30%-40% პროცენტის დაკარგვას იწვევდა, შესაბამისად მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგება ვერ ხორციელდება, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ არსებული პრობლემა სრულად აღმოიფხვრება და მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
აღნიშნული ახალი მილსადენით სასმელი წყალი ქალაქ გურჯაანში განთავსებულ ორ 7000 კბ.მ ტევადობის რეზერვუარებში ჩაედინება , საიდანაც შემდგომ მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება მოხდება. მილსადენის შეცვლით მინიმუმამდე შემცირდება წყლის დანაკარგი, სამუშაოების ფარგლებში ქალაქ გურჯაანის ქუჩებში ასევე შეიცვლება 3 კმ. სიგრძის სხვადასხვა დიამეტრის მილები, რომელთა შეცვლის შემდგომ გაუმჯობესდება მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება.
გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დასრულდება.