ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

24 ივლისი, 2026

წყალტუბოში უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება მიმდინარეობს

Image alt text

წყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „სტუდია 9“ მუშაობს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი გათვალისწინებული იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო თამაშებისთვის.

არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, წყალტუბოს ახალ სტადიონზე, დაგეგმილია გასახდელების, საშხაპეების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახების, დოპინგ-კონტროლის სივრცის, საკონფერენციო დარბაზის და მედიაცენტრის მოწყობა.

ასევე, პროექტის მიხედვით, მოეწყობა უსაფრთხოების, განათების, გახმოვანებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო თანამედროვე სისტემები. გარდა ამისა, გათვალისწინებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობა.

პროექტის ავტორებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოში შეხვდა. მინისტრმა არქიტექტორებისგან მიიღო ინფორმაცია პროექტის მიმდინარე ეტაპზე შესრულებული სამუშაოს შესახებ და პროექტის სხვა დეტალები მათთან ერთად განიხილა.