ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

8 ივლისი, 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით სამშენებლო სექტორისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისა და კერძო და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, სახელმწიფო პროექტებში ჩართული სამშენებლო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა იყო სამშენებლო სექტორში კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი და ამ გამოწვევის დასაძლევად სახელმწიფოს, ბიზნესისა და პროფესიული განათლების სისტემის მჭიდრო თანამშრომლობა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. მისი თქმით, სამშენებლო კომპანიებთან გამართული შეხვედრებისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტი გამოიკვეთა, რის გამოც მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლების სისტემა მაქსიმალურად პასუხობდეს შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს.

,,სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა სამშენებლო სექტორისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლების ერთ სამუშაო ფორმატში შეკრება, რათა დამსაქმებლებმა უშუალოდ დაასახელონ მათთვის საჭირო პროფესიები და კომპეტენციები, ხოლო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროგრამების დაგეგმვისას აღნიშნული მოთხოვნები გაითვალისწინონ. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ თანამშრომლობის მუდმივი პლატფორმა, სადაც განათლების სისტემა და ბიზნესი ერთად განსაზღვრავენ, რა უნარები სჭირდება ქვეყანას,” – განაცხადა სოხაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის სამშენებლო პროფესიების დასაქმების რეალური პერსპექტივების გაცნობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებისთვის. მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმატებსა და იმ მექანიზმებზე, რომლებიც ბიზნესისა და პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში იქმნება ახალი სახელმწიფო კომპანია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო გზების მოვლა-შენახვის თანამედროვე სისტემის დანერგვასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. მისი განცხადებით, აღნიშნულის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე, მათ შორის მძიმე ტექნიკის ოპერატორებზე, მექანიკოსებზე, გეოდეზისტებზე, ელექტრო და მექანიკური სისტემების სპეციალისტებზე, ასევე გზების ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და მოვლა-შენახვის მიმართულებით დასაქმებულ პროფესიონალებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სამშენებლო სექტორის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლების განვითარება და სახელმწიფოს, ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მუდმივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებას და ახალგაზრდების დასაქმებას, ისე ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიან განვითარებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები - ვახუშტი ბაგრატიონი, ილია ბეგიაშვილი და ბათუ გურჯიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული.