12 ივნისი, 2026
ფოთში 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში 9 აპრილის ხეივანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას იწყებს.
დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე გაეცნენ.
პროექტის მიზანია ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის შექმნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს კომფორტულ, თანამედროვე და მიმზიდველ გარემოს შესთავაზებს. დაგეგმილი სამუშაოები ხეივნისა და სკვერის ფუნქციურ და ვიზუალურ განახლებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეში მოეწყობა სასეირნო, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები, განახლდება გამწვანება და დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა. ასევე, იგეგმება ნიკოლაძის სანაპიროსთან საფეხმავლო და ვიზუალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.
პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება — პირველ ეტაპზე მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გაზიარება