ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

25 მაისი, 2026

ქალაქ ბაღდათში მრავალფუნქციური რეკრეაციული კომპლექსის პროექტირება იწყება

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ბაღდათში მრავალფუნქციური რეკრეაციული კომპლექსის პროექტირებას იწყებს.

შესაბამისი ხელშეკრულება ფონდმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად 6 თვეა განსაზღვრული.

პროექტი მდინარე ხანისწყლის მიმდებარედ თანამედროვე რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითვალისწინებს, რომელიც გააერთიანებს დასასვენებელ, სპორტულ, გასართობ და ტურისტულ ფუნქციებს.

რეკრეაციულ კომპლექსში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები, გამწვანებული სივრცეები, პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი და ღია სცენა.

ასევე დაგეგმილია შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება. პროექტი გააუმჯობესებს ბაღდათის ურბანულ გარემოს, გაზრდის ტურისტულ მიმზიდველობას და შექმნის ახალ საჯარო სივრცეს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

ახალი რეკრეაციული კომპლექსის სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული ყველა ვიზიტორისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

რეკრეაციული კომპლექსის მოწყობა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას.