დავით შავლიაშვილმა „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის - „მწვანე სახლის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

27 ნოემბერი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დღეს „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის -  „მწვანე სახლის“  სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს მინისტრთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, და თავად  „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის -  „მწვანე სახლის“ დირექტორი, მარინა ტარასაშვილი, დაესწრნენ.

„მწვანე სახლის“ სარემონტო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს.  სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება 65, 143.00 ლარია.  

აღნიშნული შენობის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, „მწვანე სახლი“ მცირეწლოვან ბავშვებსა და მათ მშობლებს ფსიქიკური დარღვევების პრევენციასა და მკურნალობაში ეხმარება.  სარეაბილიტაციო ცენტრი ადაპტაციის პრობლემების, განვითარების შეფერხების, ემოციური დარღვევებისა და აუტიზმის მქონე ბავშვებს უწევს დახმარებას. „მწვანე სახლი“ ფრანგული მოდელით არის შექმნილი და დაარსების დღიდან  მას მხარს საქართველოში საფრანგეთის საელჩო უჭერს. ცენტრის ინფორმაციით ყოველწლიურად ისინი დაახლოებით 300 ბავშვსა და მათ მშობლებს ეხმარებიან პრევენციასა და მკურნალობაში.

2014 წლის თებერვალში „მწვანე სახლის“ მუშაობა დროებით შეჩერდა, ვინაიდან, შენობა, რომელშიც სარეაბილიტაციო ცენტრი იყო განთავსებული, ამორტიზირებული იყო და დემონტაჟს დაექვემდებარა.  რის გამოც,  ბავშვებს ფსიქოლოგიური და  პრევენციული დახმარების მიღება შეუწყდათ. სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორისა და ქალაქ   თბილისის მერიის მიმართვის საფუძველზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციამ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის  განკარგულების საფუძელზე  ცენტრის რეკონსტრუქცია დაიწყო. ფონდის მიერ განხორციელებული  პროექტის შედეგად,  წლის ბოლოს „მწვანე სახლი“ ისევ შესძლებს მცირეწლოვანი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარებას.

პროექტის ფარგლებში მოხდა ამორტიზირებული შენობის დემონტაჟი. ამჟამად მიმდინარეობს  შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები.   დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხდება, რათა მსგავსი ტიპის საჭიროების მქონე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, დახმარება შესაბამის გარემოში მიიღონ.  წლის ბოლოს შენობის რეკონსტრუქცია დასრულდება.

 „ დაარსების დღიდან ჩვენ დახმარება 1000-ზე მეტ მცირეწლოვან ბავშვსა და მათ მშობელს გავუწიეთ. დღეში დაახლოებით 30 პაციენტს ვიღებთ, კერძოდ, 15 ბავშვსა და ,შესაბამისად, 15  მშობელს. ძირითადად გვყავს 4 წლამდე პატარები. ამ ბავშვების ნაწილი სისტემატიურად დადის ჩვენს ცენტრში, თვეებისა და წლების განმავლობაში. ნაწილს რომელსაც შედარებით მსუბუქი პრობლემები აქვს, რამდენიმე მოსვლა და კონსულტაციაც ჰყოფნის. თუმცა, ვიღებთ 4 წელს ზემოთ ბავშვებსაც და მათთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ.  გვაქვს  როგორც ჯგუფური , ასევე ინდივიდუალური სეანსები. გააჩნია პრობლემის სიმძიმეს. სამწუხაროდ, თებერვლიდან ვეღარ ვმუშაობთ, ვინაიდან, გვქონდა შენობის პრობლემა. ფონდის  მიერ გაწეული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ასობით მცირეწლოვანი ბავშვისთვის და მათი მშობლებისთვის. რომ არა ეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კიდევ დიდხანს ვერ შევძლებდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას“,- განაცხადა „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის -  „მწვანე სახლის“  დირექტორმა მარინა ტარასაშვილმა.