19 დევნილი ოჯახი საკუთრების მფლობელი გახდა

14 ნოემბერი 2014

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადილემ , გიგა გიორგაძემ, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისმა  და დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონულმა   წარმომადგენელმა, პოლ მაკინტოშმა,  დევნილ ოჯახებს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.  მარნეულის მუნიციპალიტეტში  ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა.

მარნეულში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, 2013 წლის 12 ნოემბერს 19 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადაეცა. თუმცა ამ დრომდე ფართები მათ საკუთრებას არ წარმოადგენდა. დევნილ ოჯახებს ბინები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად,  დაუკანონდათ.

ორსართულიანი შენობის ყველა ბინაში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის, გარე განათების ქსელი და პარკირების ადგილი. დევნილებმა ჩამოაყალიბეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საერთო სარგებლობის ფართზე ზრუნვისა და საკუთრების ერთობლივად მოვლის მიზნით.

ღონისძიება მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ დევნილებს გადაეცემათ საკუთრების დოკუმენტები, არამედ თავად პრივატიზაციის პროცესი ხელს უწყობს განსახლების ადგილას მათი ინტეგრაციის პროცესს.

შენობაში სულ 24 ბინაა, რომელიც 19 დევნილ ოჯახზე (მრავალშვილიანი ოჯახები, კრიტერიუმების გათვალისწინებით, შესაბამის ფართს იღებენ, რაც ზოგიერთ შმთხვევაში ორი ბინის გადაცემას ითვალისწინებს) კენჭისყრის პრინციპით განაწილდა, აქედან 17 ბინა - ერთოთახიანია, ხოლო 7-ოროთახიანი.

აფხაზეთიდან დევნილი მალხაზ მეგრელიშვილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანია. წლების განმავლობაში  მალხაზ მეგრელიშვილი  ცოლთან და ორ შვილთან ერთად ავტოფარეხის ტიპის შენობაში ცხოვრობდა. დევნილთა სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონუ სამმართველოს მოკვლევის ჯგუფი, მეგრელიშვილების ოჯახის რთულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათ განაცხადის ფორმის შევსება შესთავაზა. დღეს, მალხაზ მეგრელიშვილი, 21-წლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთრების მფლობელი გახდა.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და USAID -ის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინჟინერი გიორგი კოკოჩაშვილი  დაესწრნენ.