ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე 22 კორპუსი მგფ–მა დანგრევას გადაარჩინა

8 ივლისი 2014

 ბათუმში, თამარის დასახლებაში,  22 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.  საქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდი,  საქართველოს მთავრობის დაფინანსებით,  ბათუმში იძულებით გადაადგილებულ  პირთათვის  განკუთვნილ  22  საცხოვრებელ  კორპუსში   გარე ჰიდროთბოიზოლაციისა და კორპუსების  საძირკვლების საჰიდროიზოლაციო  სამშენებლო სამუშაოებს  ახორციელებს. 

 საქართველოს მთავრობამ  22 კორპუსის  სარეაბილიტაციო  სამუშაოებისთვის თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდის თხოვნით გამოყო.  რომ არა  აღნიშნული სამუშაოების  ჩატარება  22  კორპუსში მცხოვრებ  ადამაინებს   საფრთხე  შეექმნებოდათ.  უხარისხოდ  აშენებული  კორპუსების კედლები   მუდმივად  სველი იყო,  კორპუსის საძირკველში კი წყალი დგებოდა, წყალთან ერთად კორპუსის სარდაფებში ფეკალიები ჩაედინებოდა, რის ნიადაგზეც ქვეწარმავლები გაჩდნენ.  აღნიშნულ  მდგომარეობაში ცხოვრება  მოსახლეობისთვის  გაუსაძლის პირობებს  ქმნიდა. საძირკველში არსებული წყალი კი მთლიანად კორპუსის დანგრევის საფრთხეს წარმოადგენდა.  აღნიშნული საფრთხეები   ამ დროისთვის  საქართველოს მთავრობისა და  ფონდის  აქტიური მუშაობის შედეგად აღმოფხვრილია.

 ბათუმში იძულებით  გადაადგილებულ  პირთათვის  22  ახალი კორპუსი ფონდის წინა მენეჯმენტის პირობებში 2010 წელს აშენდა .  აშენებიდან   წელიწადნახევარში კი უხარისხო  მშენებლობის გამო აღნიშნულ კორპუსებს  მდგრადობას  პრობლემები შეექმნა, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის კი აღნიშნულ კორპუსებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.  22 -ვე კორპუსის პრობლემა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  ამჟამინდელი მენეჯმენტის ძალისხმევით უკვე მოგვარებულია.

 კერძოდ, კორპუსებისთვის დამატებითი სამუშაოების ჩასატარებლად მთავრობამ მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გამოყო. კერძოდ,  გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის  მოწყობის საერთო ღირებულებაა 947 377,00 ლარია. სამუშაოები  2013  წლის ნოემბერში დაიწყო  და  მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. კორპუსების საძირკველის დამატებითი საჰიდროიზოლაციო სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება  კი 356  653,03 ლარია.  სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო  და ივლისის ბოლოს  დასრულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირებს  სრულად  მოუწესრიგდებათ არსებული პრობლემები  და საფრთხეც აღარ ექნებათ.  გარდა იმისა რომ 22 კორპუსის მაცხოვრებლებს  ასეთი მნიშველოვანი პრობლემები მოუგვარდათ,  სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს „ჯავა“  აწარმოებს.