გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სკოლის 2000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

29 ივნისი 2022

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების, სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის ჯამში 2000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტს საქართველოს მთავრობა 11 მილიონი ლარით აფინანსებს.

პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სკოლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

,,მუნიციპალური განვითარების ფონდი მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს სოფელ გამარჯვების სკოლის რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, კონტრაქტორი კომპანია, სათანადოდ ვერ ასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს. სამშენებლო კომპანიას ორი კვირის წინ მიეცა გაფრთხილება და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ჩამოვედით გეგმიურ მონიტორინგზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. კომპანიას მიეცა საბოლოო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება და თუ ის ერთი კვირის ვადაში ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ფონდი მიმართავს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს და მას გაუწყდება ხელშეკრულება“ -ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა  მოადგილე, გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, სამუშაოების შესრულების პროცესის გაცნობისას განაცხადა.