კუმისის 440 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად რეაბილიტირდა

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 2,8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

განახლებული სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ დაათვალიერეს.

440 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, 440-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს განათლების მიღებას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს დაწყებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, 67 ახალი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაასრულა. საგანმანათლებლო პროგრამას  საქართველოს მთავრობა  და დონორები ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.