რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება

8 აპრილი 2022

 მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში უმსხვილეს პროექტს ახორციელებს - საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ადგილზე იმყოფებოდა, სადაც სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით ტაბიძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა და ის აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი რუსთავის მცხოვრებლებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს, ვინაიდან რუსთაველები მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობას დიდი ხანია, ითხოვენ.

ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ - კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები მოეწყობა.

შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს: გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი ოთახებისა და სველი წერტილების მოწყობა. იქვე განთავსდება ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომელთა გასწვრივაც გარე განათების ლამპიონები დამონტაჟდება. ტერიტორია გამწვანდება.

მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.