ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 3 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

29 იანვარი 2022

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.

ფონდმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქ. ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის, სოფელ ლესას და სოფელ გულიანის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ 8.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

განახლებული სკოლები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სკოლებში შესაძლებელია 800-მდე ბავშვის მიღება.

განახლებული სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

რეაბილიტაციამდე სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით სარგებლობენ და კეთილმოწყობილ გარემოში სწავლობენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში 67 ახალი სკოლის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია დაასრულა.  საგანმანათლებლო პროგრამას  საქართველოს მთავრობა  და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს  ჩაერთო.