გარდაბანში პროგრამა ,,განახლებული რეგიონებით“ დაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

21 დეკემბერი 2021

 პროგრამის “განახლებული რეგიონები" ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

ქვემო ქართლში პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა გარდაბანში დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და აქტიურად გრძელდება.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.