სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაიწყება

სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაიწყება.

მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან, პირველ ეტაპზე, გადაწყდა სტეფანწმინდის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება, დუშეთის ისტორიულ უბანში დამატებით 19 ისტორიული სახლის და ქუჩების რეაბილიტაცია, თიანეთის სპორტული მოედნისა და მიმდენარე რეკრეაციის განვითარება.

კომისიის სხდომას, რომელიც ქალაქ მცხეთაში გაიმართა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონსა და კახეთში.