რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი ავტობუსი 6 ქალაქს უკვე გადაეცა

 ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ავტობუსი უკვე გადასცა 6 ქალაქს. თელავსა და ფოთს გადაეცა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მოიცავდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას. კონტრაქტის საერთო ღირებულებამ 18.7 მილიონი ევრო შეადგინა.

ქალაქებს ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსი გადაეცა. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.