ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 166 სკოლის და 31 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს

23 ივნისი 2020

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას  საქართველოს მთავრობა  და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

66 სკოლის მშენებლობასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების  ფონდი დამატებით შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობას ახორციელებს.  უკვე გამოაცხადებულია ტენდერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელს ჩხიკვთას, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქერეს,  სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ მაჩხაანის, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ საბირკენდის და  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩხაკოურის სკოლების პროექტირებისა და მშენებლობაზე. ამასთან, ივლისში გამოცხადდება ტენდერი  ხაშურის  მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათას სკოლის მშენებლობასა და პროექტირებაზე. ასევე, პროგრამის ფარგლებში,  გამოცხადებულია  გურიის რეგიონში 8 სკოლის, ხოლო კახეთის რეგიონში 5 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. შენობებში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

სკოლების მშენებლობასთან  და რეაბილიტაციასთან ერთად,  ფონდი აქტიურად არის ჩართული საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტში. უკვე მიმდინარობს 31 ბაღის მშენებლობა და რეაბილტაცია, ხოლო ივლისში ტენდერი 25 ბაღზე  გამოცხადდება.  საბავშვო ბაღების პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 75 მილიონი ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს  ჩაერთო.