ექვსი ქალაქისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 175 ერთეულ ავტობუსს შეიძენს

29 ნოემბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში  დაახლოებით 175 ერთეული ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.

პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და პროგრამის ჯამური ღირებულება 17 მილიონი ევროა. აღნიშნული პროექტის ხელმოწერას კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე დავით ტაბიძე დაესწრნენ

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი ორ ლოტად გამოცხადა. პირველი ლოტით გათვალისწინებულია ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა. პროექტის ფარგლებში გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა.     

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე:

 

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3586