ფოთში სტადიონის მოსაწყობად და მოედნის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა

31 ოქტომბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოსაწყობად და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, აშენდება ცენტრალური სტადიონის სულ 2740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთი და ჩრდილოეთი ტრიბუნა. ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. სტადიონი ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე. მოხდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემების მონტაჟი. ასევე, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის. სამხრეთ ტრიბუნაზე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედ-ტაბლო. ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობა. აღნიშნული მოედანი უზრუნველყოფილი იქნება განათების სისტემით და გასახდელებით. დღეის მდგომარეობით, აშენებულია დასავლეთ ტრიბუნა და მოედანზე დაგებულია ბუნებრივი ბალახის საფარი.

პროექტის განხორციელება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3604