ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

29 აგვისტო 2019

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა  და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით.

 

,,ფონდი შვაბების ქუჩის რეაბილიტაციას სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება მილიონნახევარ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში უკვე მოწესრიგდა გერმანელების სასაფლაო, რომელსაც მხოლოდ სასაფლაოს ფუნქცია არ აქვს და ასე ვთქვათ, რეკრეაციული ნაწილია გათვალისწინებული. სამუშაობი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და საბოლოო ჯამში, ასურეთს ექნება ძალიან კარგი მიზიდულობის ცენტრი. ამავე დროს, მოსახლეობასთან საუბრისას გამოიკვეთა სირთულეები წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. ჩამოსული ვართ სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს პრობლება და მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით მის მოგვარებას“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ.

 

შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათების მოწყობას.