,,გადმოსახედების" ესკიზური პროექტების მომზადებაზე გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდნენ

1 აგვისტო 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების  მშენებლობას იწყებს. პროექტის მიხედვით, გადმოსახედები მოეწყობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სათანადოდ შერჩეულ ადგილებში - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ანდა გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში, საიდანაც  იშლება შორეული ხედები.

საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია. სულ უფრო აქტიური ხდება შიდა ტურიზმიც. ტურისტებსა და მოგზაურებს შთაბეჭდილებებს არამხოლოდ ტურისტული ობიექტები, არამედ გზების პირას განთავსებული ფუნქციური ნაგებობებიც და უბრალოდ განსაკუთრებული ლანდშაფტის მქონე ადგილებში მოწყობილი გადმოსახედებიც უქმნიან.

მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის განხორციელებას სტუდენტების ჩართულობით გეგმავს. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან და  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები, რომლებმაც შეადგინეს გადმოსახედების ესკიზური პროექტები.

შერჩეული ესკიზური პროექტების ავტორი სტუდენტები ჩაერთვებიან გადმოსახედების მშენებლობის პროცესში და ამ სახით სტაჟირებას გაივლიან მუნიციპალური განვითარების  ფონდში. ამით პროექტში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება განვითარდნენ პროფესიულად და შეიძინონ სათანადო პრაქტიკული გამოცდილება