დუშეთის ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

6 ნოემბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია იწყებს. 

პროექტი ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები. პროექტით განსაზღვრულია, ასევე შედარებით მოშორებით მდებარე ორი განსაკუთრებული ისტოირული ღირებულების მქონე სახლის - ილია ჭავჭავაძისა და ე. წ. „აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, დაგეგმილია 40 სახლის, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 24 სახლის რეაბილიტაცია/რესტავრაცია. პროექტის მიზანია ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა. რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებზე გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათების მოწყობაც. 
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, უკვე დაასრულა დუშეთში, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შადრევნის, სანიაღვრეების, კანალიზაციის, საყრდენი კედლის გამაგრება, ბილიკებისა და პატარ-პატარა სკვერების მოწყობა. სამუშაოები ითვალისწინებდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარე მოპირკეთებასაც.
დუშეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეაბილიტირებული უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ, გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს.