მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

29 ოქტომბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას ახორციელებს.  პროექტი,  მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით,  ხორციელდება და მისი ღირებულება 9 მილიონ  ლარს აჭარბებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მცხეთა მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძესთან ერთად, მოინახულა.

ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია.
პროექტის ფარგლებში, არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.
პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით.