ეკონომიკურად გაუმართლებელი პროექტები

18 თებერვალი 2013

საქართველოს  მუნიციპალური განვითარების  ფონდი  აცხადებს,  რომ  საქართველოს მთავრობა , მიმდინარე  წელს  განსახორციელებელი  პროექტებიდან,  რომლებიც  ჯერ კიდევ  2012  წელს დაიგეგმა,  რამდენიმე  მასშტაბურ  პროექტს , მათი მიზანშეუწონლობის  გამო, აღარ განახორციელებს.შესაბამისი კვლევების  ჩატარების საფუძველზე დადგინდა, რომ  თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის  ქუჩის  დამაკავშირებელი  ე.წ. დაკიდული  ხიდი ( პროექტი საერთო ბიუჯეტით–80 მლნ.ლარი)  აღარ აიგება.  საკითხის საფუძვლიანი შესწავლის   შედეგად დადგინდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული  საცობების  მასშტაბები,  კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან ხიდის აგებას  აღნიშნული ქუჩების  მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

კიდევ ერთი ხიდის პროექტი, რომელსაც თბილისი-ლესელიძის ტრასა მცხეთასთან  უნდა დაეკავშირებინა, გაუქმებულია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  ძეგლთა ნუსხაში სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრების არსებობის საკითხი, რადგან ახალი ხიდი, სწორედ ამ ისტორიული ძეგლების  არეალში ექცევა.

მუნიციპალურ განვითარების ფონდის მიერ 2013 წლისთვის დაგეგმილი პროექტების სიიდან, ფონდის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,   ამოღებულია ბათუმის   2 კილომეტირანი სანაპირო ზოლის  ე.წ. ოქროს ქვიშით  მომარაგებაც.   პროექტის თანახმად , 2 კმ-იანი მონაკვეთის  ქვიშით მომარაგება (ერთჯერადად)  სახელმწიფოს 50 მლნ. ლარი დაუჯდებოდა.

ამის მიუხედავად,  მგფ  არ წყვეტს  ბათუმის  სანაპირო ზოლის  ნაპირგამაგრებითი პროექტის განცხორციელებას.  მიმდინარე წელს ფონდი გამოაცხადებს ტენდერს  ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე, რომლის განხორციელებაც  სავარაუდოდ 20 მლნ. ლარს არ აღემატება.