კასპის მუნიციპალიტეტში სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27 აპრილი 2015

 კასპის მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსი აშენდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 630108,14 ლარია. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

პროექტის ფარგლებში გაკეთდება საჭიდაო შეჯიბრებისთვის წრიული დარბაზი. ამას გარდა, კეთდება ჭიდაობის სავარჯიშო სპორტ-დარბაზი, მოეწყობა ფიტნესისა და კალათბურთის დარბაზები, ასევე მოხდება ძველი სასტუმროს შენობის რეაბილიტაცია.

 

სამუშაოების ფარგლებში უკვე განხორციელდა ძველი კალათბურთის დარბაზის სრული დემონტაჟი და მიმდინარეობს ახალი დარბაზის საძირკველზე მუშაობა, პარალალურად მიმდინარეობს სასტუმროს შენობის სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ხორციელდება ფასადის და ინტერიერის მოპირკეთება. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს საჭიდაო და წრიული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები.

 

პროექტის განხორციელების შედეგად კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსი იქნება. სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“ ასრულებს.