ხობის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

3 თებერვალი 2015

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “მუნიციპალური განვითარების ფონდი”, “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად ქალაქ ხობში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორცილებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის”  დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში  წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება, სათავე ნაგებობისა და ჭაბურღილების რეაბილიტაცია განხორციელდება.  მოხდება ქალაქის ქსელის ამორტიზებული მილების გამოცვლაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქის 6500 მაცხოვრებელი 16 საათიანი გრაფიკის ნაცვლად, ხარისხიან წყალს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

ქალაქ ხობის წყალსადენის ქსელის ძირითადი ნაწილი დღეისათვის ამორტიზებულია, რეაბილიტაციას საჭიროებს სატუმბი სადგურიც. არსებული დაბალი წნევის გამო  კი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში პრობლემატურია მაღალ სართულებზე წყლის მიწოდება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ეს პრობლემაც  გადაიჭრება.

საქართველოს “მუნიციპალური განვითარების ფონდი” და “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. სამუშაოებზე 22 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.