​გაჭედილი-ბალდის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

22 დეკემბერი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში გაჭედილი-ბალდის გზის რეაბილიტაცია დაასრულა. ჩატარებული სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

რეაბილიტაცია გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის კიუვეტები (გვერდულები), ლითონის მილხიდები, გაბიონები, ასევე მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა.

ათეული წლების განმავლობაში, მარტვილის მოსახლეობას მამათა მონასტრამდე მისასვლელი 5 კმ-ზე მეტი მანძილის დაფარვა უგზოობის პირობებში უწევდა.

მონასტრის გარდა, აღნიშნული გზა ორი სოფლის მოსახლეობას: გაჭედილისა და ბალდის  მაცხოვრებლებს ერთმანეთთან და მარტვილის ცენტრთან დააკავშირებს. არსებული გზით ყოველდღიურად 2000-მდე ადამიანი ისარგებლებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.