ნორიოს და ჯანდარის სკოლების რეაბილიტაცია დასრულდა

9 ივნისი 2023

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაცია დაასრულა.

ჯამში, 2000 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა.

სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი თუ წერილობით გაფრთხილებისა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და დარჩენილი სამუშაოები ხელახალ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაასრულა.

სარეაბილიტაციო სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

რეაბილიტირებული სკოლები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა  მოადგილემ, გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  და კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, დაათვალიერა.

ძველ სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსწავლეები უკვე გამართული და კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.