პრემიერ-მინისტრმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამუშაოები დაათვალიერა

5 ივნისი 2014

თბილისიდან რუსთავამდე გზა, ახალი ავტომაგისტრალის აშენების შემდეგ 15 წუთში დაიფარება. ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. პროექტის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ მიაწოდეს.  ობიექტზე პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და რუსთავის მაჟორიტარი ზვიად ძიძიგური. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაოებს გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, ახალი გზა მუდმივ საცობებს განტვირთავს, ავარიული სიტუაციების საფრთხეს მოხსნის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.  

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდსა  და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედ“-ს შორის არის გაფორმებული.

სამუშაოების განხორციელება 22 აპრილს დაიწყო. კონტრაქტის ვადა 17 თვეა. პირველ ეტაპზე პირველი და მესამე მონაკვეთების რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში პირველ მონაკვეთზე გზა არ იქნება გადაკეტილი, ხოლო მესამე მონაკვეთზე  გზის ერთი მიმართულების გადაკეტვა მოხდება.

პირველი და მესამე მონაკვეთების ღირებულება 88 761 128,95 ლარია. საგულისხმოა ის, რომ სამუშაოებზე ადგილობრივი მუშა-ხელი იქნება დასაქმებული. 

რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მისი დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და გადაგზავნილია აზიის განვითარების ბანკში. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ტენდერი ცალკე გამოცხადდება.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის  მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.

საპროექტო ავტომაგისტრალის სიგრძე საორიენტაციოდ 17,4 კილომეტრია. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და, შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი, კერძოდ:

პირველი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ - სიგრძით 4 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 6-ზოლიანია, თითოეულის სიგანე - 3,5 მეტრი, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები, სიგანით 2,5-3,0 მეტრი. გზის სამოსი ასფალტო-ბეტონისაა, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი; 

მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია - საორიენტაციო სიგრძით 6,8 კილომეტრია. ამ მონაკვეთზე იგეგმება  მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოსავლელი გზის მშენებლობა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე - 3,75 მეტრი. გზის სამოსი ასფალტო-ბეტონისაა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება სატრანსპორტო კვანძები, ორი მიწისქვეშა, ოთხი სატრანსპორტო ხიდი და ოთხი საფეხმავლო ხიდი;

მესამე მონაკვეთი-ფონიჭალის დასახლების გასავლელთან მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე - სიგრძით 6,6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. ტროტუარები გათვალისწინებული არ არის. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ერთი გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი და ორი ხიდი.